понедельник, 8 ноября 2010 г.

თავისუფლების ძებნაში მკვდარნი

ღონისძიება იწყება აკაკის ხმით, კითხულობს ფრაგმენტს ლექსიდან ,,განთიადი“–
,,ცა ფირუზ–ხმელეთ ზურმოხტო
ჩემო სამშობლო მხარეო,
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები
შენზედვე მგლოვიარეო“
ასე უმღეროდა დიდი მგოსანი თავის საყვარელ ქვეყანას, საქართველოს, არავის არ ჩაუხედავს ქართველი კაცის სულის ხვეულებში ისე ღრმად, როგორც აკაკის, არავის არ შეუთრთოლებია ერის გულის სიმები ისე ძლიერად, როგორც აკაკის და არავის არ უტყორცნია მტრის ბანაკში ცრემლსა და ნაღველში ნაბანი იმდენი ისარი, რამდენიც აკაკის. აკაკი წერეთელი, დარჩება ცოცხალ ლეგენდათ ვიდრე იქნება სიტყვა ქართული.
         აკაკიში ამეტყველდა საქართველო და საქართველომ მასში გააღვიძა თავისი მიძინებული სული, მინავლებული პატრიოტიზმი. აკაკი ხიდია ძველსა და ახალ საქართველოს შორის გადებული, რომელმაც გააერთიანა წარსული, აწმყო და მომავალი.
           ქართველებმა ოდითგანვე კარგად ვიცით თავისუფლების ფასი. ქართველ კაცს, ჩვენს წინაპარს, ცალ ხელში გუთანი ეჭირა და მეორეში მახვილი, რომელიც საუკუნეების მანძილზე არ ჩაგებულა ქარქაშში და ჩვენს ხალხს ქედი არ მოუხრია მომხვდურის წინაშე, რადგან დიდი ერების კალთის ქვეშ შეფარებას და მშვიდად ყოფნას თავისუფლებისათვის ბრძოლაში სიკვდილი ერჩია მუდამ. ქართველთა ცხოვრების ყველა დროის ჭეშმარიტებად იქცა დიდი მგოსნის სიტყვები:
‘’ სჯობს მონობაში გადიდკაცებულს
თავისუფლების ბრძოლაში მკვდარი’’
 ალბათ ასე ფიქრობდნენ ჩვენი სოფლის ბიჭები ვიტალი ტიელიძე, ვანო თოდაძე, ზურაბ ჭეღელიძე, ჭაბუკა მიჩიტაშვილი , რომელთა სულები ზვარაკად შეეწირნენ სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლას.
 1992 წელს კიდევ ერთი სისხლიანი ფურცელი გადაიშალა საქართველოს უახლეს ისტორიაში. გადამთიელებმა საქართველოს დანაწევრება და მისი ძირძველი ისტორიული ნაწილის – აფხაზეთის მოწყვეტა მოინდომეს ერთიანი ქართული სხეულიდან.დაიწყო აფხაზეთის ომი და ჩვენს ბიჭებსაც აენთოთ გულები საბრძოლველად ისინი დაუფიქრებლად წავიდნენ სამშობლოს დასაცავად.
 საკუთარი მიწა–წყალი არ დაანება მტერს უჩვეულოდ გამბედავმა, უშიშარმა ვაჟკაცმა ვიტალი ტიელიძემ , დაჭირდა სამშობლოს მამაცი ბიჭები და წარბიც არ შეუხრია, ისე უყოყმანოდ ჩაეწერა მოხალისეთა რიგებში. ,
 ვიტალი ტიელიძე 1963 წლის 18 ნოემბერს დაიბადა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ამბროლაურის მექანიზაციის ტექნიკუმი დაამთავრა და უნგრეთში მოიხადა სამხედრო ვალდებულება.აფხაზეთის ომში წასვლამდე ასე უთქვამს: მე პირველი არ ვესვრი, დაქირვებულ გადამთიელს კი არ დავინდობო.
 ჭიშკარი გაიხურა და დაიბარა:
  ,, ოღონდ სამშობლო იყოს ძლიერი, თავისუფალი,
მე ამის მეტი არაფერი მაქვს სხვა, არ მაქვს ვალი,
ყველაფერს დავთმობ, ჩემო სამშობლოვ, ოღონდ მითხარი,
სულსაც შენ მოგცემ შენზე მტირალი შენი ვიტალი!“
...მალე დავბრუნდებიო დედას დაუბარა, სამშობლოს დასაცავად მივდივარ და ცრემლს ნუ დამანახებო. დედა ფრჩხილებით ჩააფრინდა ჭიშკრის ძგიდეს, რომ არ წამოსდგომოდა ცრემლი და რომ თავისი ღიმილი საგზლად გაეტანებინა ბიჭისთვის. ნაძვის ტოტებში ნიავი ოხრავდა, ზურგზე საველეჩანთამოგდებული ბიჭი უკანმოუხედავად მიუყვებოდა შარაგზას, ბიჭი ომში მიდიოდა..
 ნაძვის ტოტებში ნიავი ოხრავდა, ბიჭთან განშორებას დარდობდა, ცრემლდაღვრილი დედა ისევ ჭიშკრის ძგიდეს ჩაფრენოდა. ისევ ის ეზო და ისევ ის ჭიშკარი,ისევ ის შარაგზა, ლანდადქცეული დედა , მისი გაოგნება და სასოწარკვეთა თვალებში.– აკი დაიბარა ნუ შეგეშინდება მალე დავბრუნდებიო...
 ასე დაიბარა მაგრამ სიტყვა ვერ შეასრულა, ბედისწერამ სამშობლოს თავისუფლების სამსხვერპლოზე მიიყვანა. 28 წლის ყმაწვილმა თან წაიღო სამშობლოს და თანასოფლელების დიდი სიყვარული , რომელთა მომავალს შესწირა თავისი ლამაზი სული და სხეული. ვიტალი საკუთარი ოჯახის შექმნას მხოლოდ თავისუფალ საქართველოში აპირებდა , მაგრამ ის სამშობლოს სიყვარულში დაიწვა ბნელი რომ გაენათებინა. ვიტალი აფხაზეთის ომში თავგამეტებით იბრძოდა კოლხიდასთან. მას ყუმბარმტყორცნის ცეცხლით ნაფლეთებად უქცევია გადამთიელთა ბრბოს თითქმის მთელი ათეული, მაგრამ ზურგში ნასროლი მუხანათური ტყვიით დაეცა ბრძოლის ველზე თავის გორელ თანამებრძოლთან ერთად. მათ თავიაანთი სიცოცხლის ფასად ოცდაათი მეომრის სიცოცხლე იხსნეს. ვიტალი ტიელიძე სამი კვირის ბრძოლის შემდეგ გმირულად დაიღუპა გაგრის მისადგომებთან.

კიდევ ერთი ქართველი ვაჟკაცი, ჩვენი სოფლის მკვიდრი ვანო თოდაძე იმ რწმენით წავიდა აფხაზეთის ომში, რომ მისი სისხლის ყოველი წვეთი სამშობლოს თავისუფლებას გამოადგებოდა.
   ,,თუ ჩემს სამშობლოს გამოადგება
ჩემი სიკვდილი, აჰა მე მზად ვარ,
მოდი, ჯალათო, შენი მახვილი
შეუბრალებლად ზედ გულზე დამკარ.
ყოველი წვეთი ჩემი სისხლისა
თუ კი გამოზრდის მამულიშვილსა,
ცოდვა არ არის, რომ მოვერიდო
მაშინ მე ტანჯვას და თვით სიკვდილსა“
ვანო თოდაძე დაიბადა 1960 წელს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სამხედრო ვალდებულება. მუშაობდა სოფელში მექანიზატორად. 1992 წელს შევიდა ,თეთრი არწივის“ ლეგიონის თათარაშვილის პირველ ბატალიონში. იგი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ თავისი ღირსეული წვლილი შეეტანა სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. 1993 წლის 4 ივლისს ვანო თოდაძე გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე ტამიშში. თანამებრძოლთა გადმოცემით ვანოს დაჭრილები გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან და სწორედ მაშინ უწია მტრის ულმობელმა ტყვიამ.
   ,,უღმერთოდ დაღვრილ სისხლს ხომ
      მტერს არ შევარჩენთ არა!
   ტამიშს მიგულეთ ისევ,
   სადარაჯოზე ვდგავარ.
   რა ვქნა თუ ფეხქვეშ კვლავაც
   ამიფეთქდება ნაღმი,
   ყველას დავრჩები გულში,
   გმირად შემრაცხავს ხალხი“!
 უკვდავი და ბედნიერია ერი, რომელსაც დღესაც ჰყავს დიდებული საგმირო ტრადიციებით ნასაზრდოები შვილები, რომელთა შეუპოვრობა, შეუდრეკლობა და სიმტკიცე უკან ახევინებდა მომხვდურს და მოძალადეს. ქართველი ერი არასოდეს დაივიწყებს თავის გმირებს, რომელთა გრძელ სიაში წერია წინაპრების უკვდავი გენით ნაკარნახევი მეომარი, ჩვენი სოფლის მკვიდრი ზურაბ ჭეღელიძე, იგი თავგანწირვით იბრძოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. იყო მაიორის ტიტულის მფლობელი. ზურაბმა სამაჩაბლოში ბრძოლის დროს მიიღო მძიმე ტრამვა ტანკის აფეთქებისას. უფლება ჰქონდა არ წასულიყო ომში, მეომარი სული არ აძლევდა გაჩერების უფლებას. ზურაბი ყოველთვის წინა ხაზზე იდგა უშიშრად, მედგრად, იმდენად ძლიერი მებრძოლი იყო,რომ მტერმა მისი სიკვდილის საფასურად დიდი ჯილდო დააწესა.
 ზურაბმა კარგად იცოდა მშვიდობის ფასი, სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში წასვლამდე, მშვიდობის ფონდში სოლიდური თანხა გადარიცხა.
  ზურაბ ჭეღელიძე გმირულად დაეცა სოხუმის მისადგომებან დრანდაში. იგი დღემდე დაკარგულ მეომრად ითვლება. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის ორდენით. დარჩა მეუღლე და ოთხი შვილი. ზურაბი პატარას დაბადებას ვერც კი მოსწრებია. მის ოთხ ქალიშვილს ეამაყება, რომ მათი მამა გმირია და სამშობლოს დასაცავად დაუღალავად იბრძოდა. სამშობლოს თავისუფლებისათვის შეწირულ გმირს, ზურაბ ჭეღელიძის ხსოვნას დავიწყება არ უწერია. უკვდავია საკუთარ სამშობლოში, აფხაზეთის მიწა-წყალზე ლტოლვილად მიბარებული მისი გმირული სული..
 ღმერთმა ადამიანი თავისუფალ არსებად შექმნა. თავისუფლება ყველაზე დიდი საჩუქარია ადამიანისთვის. ჩვენთვის თავისუფლება ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ჩვენდა საბედნიეროდ ბევრი გვყავს ქართველებს საკუთარი მიწა-წყლის დამცველი და სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირები.
     დღესაც საქართველოს კვლავ უწევს თავისუფლებისთვის ბრძოლა და, საბედნიეროდ, არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ქვეყნის თავისუფლებას. 2008 წლის რუსეთ –საქართველოს ომმა ასეთი ადამიანები მრავლად გამოავლინა. სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ჯარისკაცები მრავალრიცხოვან მტერს არ ეპუებოდნენ და უშიშრად ხვდებოდნენ სიკვდილს.
             ფეხზე წამოდგომაც ვერ მოვასწარით მონობის უღელგადაგდებულებმა, რომ ახალი სატკივარი მოგვივლინა ძველმა ,,მეგობარმა“, მეზობელმა რუსეთმა და აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სისხლი გვაღვრევინა, კვლავ ჩვენი დაჩოქება და დამონება განიზრახა. ისევ მოგვატყდა ,,სამამულე რქა“. ძალით დაგვათმობინეს, მაგრამ მაინც არ ვიხრით ქედს.
             რუსეთის აგრესიამ ჩვენი პატარა ქვეყნის წინააღმდეგ შეძრა მსოფლიო. მოვიგერიეთ მომხვდური. კიდევ ერთხელ ჩავიცვით ძაძები და დავიტირეთ დაგლეჯილ–დაფლეთილი საქართველო, მამულისათვის თავდადებული ბიჭები.
 2008 წლის 9 აგვისტოს საუბედურო დილა გათრნდა. ვერტმფრენის საშინელმა ხმამ გაჭრა სივრცე და ერთმანეთის მიყოლებით ჩამოცვივდა ჭურვები, რომლებიც წარმოუდგენელ სისასტიკის ჩადენას უქადდა ხალხს. მალე საზარელი ხმა გაისმა. შავ კვამლში გაეხვია შენობები. ცეცხლი წაეკიდა ქართლის გულსაც და ადამიანების სულსაც. ერთმანეთში აირია გამწარებულთა გოდების სასოწარკვეთის,გინების ხმა. ქუჩაში უმისამართოდ დარბოდნენ ბავშვებმოკიდებული ადამიანები. დაიწყო ომი და როგორც ნამდვილ ქართველ მამულიშვილს ეკადრებოდა 32 წლის ჭაბუკა მიჩიტაშვილიც დადგა იქ, სადაც უჭირდა სამშობლოს სიტყვის კაცი იყო და რასაც იტყოდა ვერ გადაათქმევინებდა, ტანით პატარა, მაგრამ გულადი და მამაცი – ასე იხსენებს მეუღლე. იმ საბედისწერო დღესაც გორის სატანკო ნაწილში იყო.რუსმა ოკუპანტებმა გორი დაბომბეს და ნაწილში მყოფი ათეულობით ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირეს. მათ შორის იყო ჭაბუკა მიჩიტაშვილი. სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ვაჟკაცი ასე ფიქ;რობდა ;
 არა სიკვდილი ვერ შემაშინებს
მომზადებულსა მამულის მსხვერპლსა,
მზად ვარ, შევწირო სული და ხორცი
და სამშობლოზე ვჰყრიდე ვით ფერფლსა“
 სამშობლოს სიყვარულში ჩაიფერფლა კიდეც მისი ლამაზი, ახალგაზრდა სიცოცხლე, რომელიც ყველას უყვარდა და თვითონაც ყველასთვის უანგაროდ გასცემდა სითბოს. საამაყო ბევრი აქვს მის დედას. მან სამშობლოს მართალი და მამაცი კაი ყმა გაუზარდა.
 32 გაზაფხულს მოესწრო მხოლოდ. არც უცხოვრიაო თითქოს ისე გაიელვა და გაბრწყინდა. ისე ძალუმად, ისე ძლიერად, რომ სამარადისო სახელი დატოვა რამდენი ჩანაფიქრი, ოცნება და მიზანი დარჩა განუხორციელებელი, მაგრამ დარჩა სოფლისთვის, სამშობლოსთვის გმირულად შეწირული ლამაზი სახელი ჭაბუკა მიჩიტაშვილი. მას მეუღლე და ერთი შვილი დარჩა. მეუღლემ მისი გარდაცვალების შემდეგ ჯარისკაცის ფორმა ჩაიცვა და დღეს ის გორში მე-5 ბრიგადაში მსახურობს. ,,თუ სამშობლოს დასჭირდება, მეც გმირულად შევწირავ თავსო“- ამბობს იგი. გმირულად დაცემის შემდეგ მზეჭაბუკ მიჩიტაშვილი საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებით დაჯილდოვდა მედლით ,,მხედრული მამაცობისათვის.“
 ჩვენო სამშობლოვ შენ ამ უსამართლო ბრძოლებში ყველაზე კარგი შვილები დაკარგე, რომლებმაც ქვეყნის ერთიანობის დასაცავად უანგაროდ გაიღეს საკუთარი სიცოცხლე. ოთხი კაი ყმა ოთხი ბალავარია და დიდი დანაკლისი სოფლისთვის და ქვეყნისთვის. მათ ვაჟკაცურად მოიხადეს ვალი სამშობლოს წინაშე და იდგნენ იქ, სადაც უჭირდა ერს.
  მუდამ ემახსოვრება ხალხს თავისი ღიმილის ბიჭები. მათმა მარჯვენამ, გონმა და ზნეობამ კიდევ ერთხელ საქვეყნოდ გამოაჩინა ჩვენი ხალხის სულის სიმაღლე, ვაჟკაცური შემარ\თება, შეუპოვრობა და დაუმორჩილებლობა.
 ვიტალი ტიელიძე, ზურაბ ჭეღელიძე, ვანო თოდაძე და ჭაბუკა მიჩიტაშვილი ჩვენს ისტორიაში შევლენ საქართველოს თავგანწირულ გმირებად, ხოლო სული მათი მიემატება საქ- ოს სულიერ მხედრიონთა რიცხვს, რომელნიც ღვთის წინაშე კვლავ იცავენ ჩვენს სამშობლოს. უფალმა დაამკვიდროს ისინი თავის ზეციურ სავანეთა შინა, სადაც ჩვენი წინაპარნი განისვენებენ. ჩვენი გმირების ხსოვნას სამშობლო სანთლებად აინთებს. წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. (წუთიერი დუმილი. ბავშვები სანთლებს აანთებენ საგანგებოდ მომზადებულ კუთხესთან)
ერის გზა ჯვარცმისა და აღდგომისა, პიროვნული ამბიციებით კიდევ უფრო დამძიმებული, გოლგოთის გზაზე შეუდარებლად მძიმე რვალი იქნება. ჯვრისმტვირთველი თითოეული ქართველის გვამ–ხორცის გაწირვაა საჭირო, განთავისუფლების საზღაურიც ეს იქნება...
 და ... როცა სააღდგომო აღმართს დავძლევთ, ქართული სულის ზეიმი ექოდ კავკასიონზეც აირეკლება, რომ ჯვარცმადშობილმა ჩემმა ქვეყანამ, მსოფლიო ცივილიზაციის ავანსცენაზე მდგომთ, უტეხი ხმით განუცხადოს:
,,მე საქართველო ვარ, თავისუფალი აწ და მარადის“.
  (ღონისძიება სრულდება მამუკა ჩარკვიანის სიმღერით „ ჰიმნი თავისუფლებას“ შესაბამისი ფოტოებით)